თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ადგილზე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის, რა დროსაც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ოპერატორები. ადგილზე მყოფები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ პოლიციამ სპრეი გამოიყენა, რადგან მათ უჭირთ სუნთქვა და სტკივათ თვალები.

"ბუტკასთან ზემოთ იყო ადამიანი ასული, როდესაც სთხოვეს, რომ ჩამოსულიყო. მან პროტესტის ნიშნად განაცხადა, რომ არ ჩამოვიდოდა. ამის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოეყვანათ ძალით. იქვე ვიდექი, მთხოვეს ერთხელ, გადავსულიყავი გვერდზე, გადავიწიე. მეორედ როცა კიდევ იყო მიწოლა, მაგ დროს უკვე ამოიღო, არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, პირდაპირ თვალებში შემასხა ერთხელ. მეორედ თავი რომ ავწიე, რატომ მეთქი, კიდევ დამასხა. მეორედ ეგრევე ზედიზედ და და რომ მივტრიალდი, მაშინაც თითქოს მსახამდა", — განაცხადა აქციის მონაწილემ.

როგორც კადრებში ჩანს, პოლიციამ აქციის ერთ-ერთ მონაწილე შემაღლებული ადგილიდან ჩააგდო, რის შემდეგაც მას იქვე მყოფი პირი დაუპირისპირდა.

სასამართლოში ამ დრომდე არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც წინასწარ განცხადება აქვთ შევსებული. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები კი ითხოვენ, პროცესი პირდაპირ ეთერში გაშუქდეს. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ამ საქმეზე ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია და მისი გადაღება მხოლოდ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უნდა შეეძლოს, ამიტომ საჭიროა პირდაპირი ტრანსლაცია.

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს თავის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, სადაც დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებს. სააკაშვილის პროცესის პარალელურად ოპოზიციამ აქცია დააანონსა. იქამდე, კი თავად ექსპრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს ამ დღეს შეკრებისკენ.

ამ სხდომამდე სააკაშვილს სამჯერ უთხრეს უარი საკუთარ პროცესზე დასწრებაზე, მიზეზად იუსტიციის სამინისტრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და უსაფრთხოებას ასახელებდა. საერთაშორისო პარტნიორები, უფლებადამცველები, ომბუდსმენი, ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ უნდა შეეზღუდოს საკუთარ სხდომაზე დასწრების უფლება.

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ის შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიეყვანათ.