პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა აიკრძალება. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

"აიკრძალება სათამოში ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძირითადად, შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან, ასევე, თქვა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. რაც შეეხება მოსახლეობის კატეგორიას, ღარიბაშვილის თქმით, კაზინოებში ვერ ითამაშებენ:

  • სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
  • საჯარო მოხელეები — პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა ჯამში ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს ექნება შეზღუდული.

მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.

კანონის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული პაკეტი საკანონმდებლო დონეზე უკვე მომზადებულია.

მანამდე, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს.