საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალური განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია სასულიერო პირმა მრევლს აცრა აუკრძალოს და ამის გამო შეუზღუდოს რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მიღების უფლება. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ამ განცხადების გაკეთება "ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო" გახდა საჭირო.

"კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ.

მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში ქრისტიანისათვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმინდა სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, საპატრიარქოში ამბობენ, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინაციას და აცხადებენ, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, თავიანთი ქმედებებით არ გასცდნენ სინოდის განჩინებას, ხოლო მრევლს — მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ საპატრიარქოს.

გაიგე მეტი: