ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, ხალხი ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეიკრიბება.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება და რაც ჩვენ, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე, ჩვენი თანამოქალაქეები აქციებს ვმართავთ, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხელი შეგვეშალა სამართალდამცველებისთვის. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების პროცესში.

არც ხვალ ვგეგმავთ ჩვენ არაფერს, უბრლაოდ, ბუნებრივია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირველად მივა სასამართლო პროცესზე, აქ, სულ რომ არ გვინდოდეს ჩვენ, ხალხი მაინც შეიკრიბება და მაინც მივა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად", — განაცხადა უდუმაშვილმა.

ხვალ, 29 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. აქციის პარალელურად ოპოზიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დააანონსა. იქამდე, თავად სააკაშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს შეკრებისკენ. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალებას.

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.

გაიგე მეტი: