პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ პოლარიზაციასა, ოკუპაციასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. კუჭავას განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოლარიზაციაა და ეს არც საქართველოსთვისაა უცხო.

"ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა. ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით.

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას. პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს. ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც", — განაცხადა კუჭავამ.

რაც შეეხება ოკუპაციას, მადრიდში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადოებაზე, შეზღუდვებზე, საჭიროებებსა და უფლებებზე.

"საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი — აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, განათლებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული", — განაცხადა კუჭავამ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 2024 წელს საქართველო აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას.