ისრაელის მთავრობა გეგმავს, უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის აკრძალოს ჩაკეტოს საზღვრები. ინფორმაციას ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამით ისრაელი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამო მთლიანად დახურავს საზღვრებს.

აღსანიშნავია, რომ 26 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის დაფიქსირებიდან მეორე დღესვე ისრაელმა ჩაკეტა საზღვრები აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული ადამიანებისთვის. სახელმწიფო საზღვრის სრულად ჩაკეტვას კი ქვეყნის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი 29 ნოემბრიდან აანონსებს.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო საზღვრებზე რეგულაციები არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა, მათ შორის საქართველომ. დღეიდან ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უმოგზაურია ქვემოთ ჩამოთვლილ 8 ქვეყანაში, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ეს ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა;
  • ბოცვანა;
  • ზიმბაბვე;
  • ნამიბია;
  • ლესოტო;
  • ესვატინი (სვაზილენდი);
  • მოზამბიკი;
  • მალავი.

25 ნოემბერს სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ განაცხადეს. B.1.1.529-ად წოდებულ ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონი შეარქვა.

გაიგე მეტი: