მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის საქმის განმხილველ მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის ობიექტურობა უკვე საკმაოდ დისკრედიტებულია. ასე გამოეხმაურა ის მოსამართლის განცხადებას, რომ მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სააკაშვილის დასწრების გარეშე სხდომის ჩატარება.

"მოსამართლე ორკოდაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, დაემტკიცებინა საკუთარი სამოსამართლეო ეთიკა, ჩემი აზრით და ჰქონდა მას საშუალება, ერთხელ უკვე არ ჩაეტარებინა პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე [...]

მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ობიექტურობა მოსამართლისა უკვე საკმაოდ დისკრედიტებულია. არც ის არ მგონია, რომ ქალბატონი ლიანა მარტო იღებს გადაწყვეტილებას ამ ამბავში, ჯერ ერთი, კოლეგიაა, ვიწრო გაგებით რომ შევხედოთ და ორი მოსამართლე სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას. უფრო მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, არცერთ დეტალზე გადაწყვეტილება არ მიიღება არც სასამართლო პროცესში, არც იუსტიციის სამინისტროში, არც პენიტენციურ სამსახურში", — განაცხადა თუთბერიძემ TV პირველის ეთერში.

ადვოკატი ამბობს, რომ არ აქვს "ილუზია", რომ სააკაშვილის საქმის განხილვა სამართლებრივი პროცესის ჩარჩოში ექცევა. მისი თქმით, ცალსახაა, რომ საქმეში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქართული ოცნება იღებს.

მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა ერთ-ერთმა მოსამართლემ, ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საქმის განხილვა ექსპრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი სასამართლო პროცესის პარალელურად, მხარდაჭერებს საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა. პარალელურად, მისი ადვოკატები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ აქცია ექსპრეზიდენტის პროცესზე მიყვანაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

29 ნოემბერს სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ის საკუთარ პროცესს. 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.

გაიგე მეტი: