ზუგდიდში, პოლიციის შენობის წინ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანი წითლიძე, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად აქცია გამართეს. მათი თქმით, აპროტესტებენ სამართალდამცავი უწყების პოლიტიზებას.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ანახა კიდევ ერთხელ, რომ ზუგდიდის პოლიცია იცავდა არა ზუგდიდელების ინტერესებს, არამედ იცავდა ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის და ერთი კონკრეტული პარტიის, ქართული ოცნების ინტერესებს, როდესაც გამოათრია საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან უკანონოდ ჯერ მოშიმშილეები და შემდეგ, გუშინ, ათრია საკრებულოს არჩეული წევრები და დააკავა ისინი", — განაცხდა ანი წითლიძემ ფორმულასთან საუბრისას.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის ფოტო და სამართალდამცველებს შესთავაზეს, ის სახელმწიფო გერბის ნაცვლად დაეკიდათ კედელზე, რადგან "ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ ბიძინა ივანიშვილის".

26 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ოპოზიცია ითხოვდა, ბიუჯეტი არა ძველი მოწვევის, არამედ საკრებულოს ახალარჩეულ შემადგენლობას დაემტკიცებინა. ხმაურისა და დაპირისპირებისას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2 ადამიანი დააკავეს.

უფრო ადრე, 17 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულოს მოშიმშილე წევრები სხდომათა დარბაზიდან გამოაძევეს. 5-მა დეპუტატმა შიმშილობა 15 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მათ სხდომათა დარბაზში მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ანი წითლიძემ განაცხადა, რომ ძველი მოწვევის საკრებულო ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებულად განხილვას ცდილობდა.

გაიგე მეტი: