მოსამართლე, ლიანა ორკოდაშვილი TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის მიერ მომზადებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ციხიდან გავრცელებულ კადრებზე "ძალიან მძიმე" რეაქცია ჰქონდა. ასე პასუხობს ის ჟურნალისტის კითხვას — რა რეაქცია გქონდათ, როცა ნახეთ, როგორ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში?

"როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლესაც, ძალიან მძიმე, ძალიან განვიცადე, იმიტომ, რომ მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს", — განაცხადა მან.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს არაადამიანური მოპყრობა, ის პასუხობს, რომ რაც აჩვენეს "საკმაოდ მძიმე სანახავი იყო".

ორკოდაშვილი ექსპრეზიდენტის საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა. მისი პოზიციაა, რომ სააკაშვილი 29 ნოემბერს სასამართლო სხდომას დაესწროს. მოსამართლის თქმით, წინა შემთხვევის მსგავსად, ახლაც გაგზავნილი აქვთ მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სხდომის დარბაზში წარმოდგენის თაობაზე.

პენიტენციურმა სამსახურმა ციხიდან სააკაშვილის არაერთი კადრი გაავრცელა, მათ შორის, ერთ-ერთი 11 ნოემბერს, სადაც გლდანის ციხის დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის ძალის გამოყენებით გადაყვანა იყო ასახული.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მხარდამჭერებს 29 ნოემბერს, თავისი სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა, მისი ადვოკატები ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ აქცია ექსპრეზიდენტის პროცესზე მიყვანაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს.

29 ნოემბერს სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა ის საკუთარ პროცესს. 22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.