რეპორტიორები საზღვრებს გარეშე კომუნიკაციების კომისიას მოძრაობა სირცხვილიას ვიდეო კლიპის გამო მთავარი არხისთვის გამოწერილ ჯარიმას გმობს და გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწდებს. ამის შესახებ RSF-მა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გმობს ცენზურის ინსტრუმენტსა და უზომო რაოდენობით თანხას და მოუწოდებს მარეგულირებელს, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111, 903, 43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებით, მთავარი არხის სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის მთავარი არხისა და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათივე თქმით, სანქცირების ტენდენცია ეჭვებს აჩენს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებასა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.