NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრების წინ აცხადებს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაის საკითხსაც განიხილავენ. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა NATO-სთვის ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორია.

"ჩვენ, ასევე, განვიხილავთ რეგიონში სიტუაციას საქართველოსა და უკრაინასთან. ისინი NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფიან. NATO კი მათ მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად", — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მომდევნო კვირას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიზანი უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვაა. კერძოდ, ისინი ისაუბრებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალების გაზრდაზე. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კრემლის მიერ, რეგიონში ძალების უჩვეულო მობილიზება ხდება.

"ეს მოიცავს მძიმე შეიარაღებას, როგორიცაა ტანკები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, დრონები და ელექტრონული სამხედრო სისტემები. ასევე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარი. ჯარების რაოდენობის ზრდა არანაირად არ იყო პროვოცირებული და ვერ აიხსნება", — აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გამოიჩინოს გამჭვირვალობა და შეამციროს დაძაბულობა.

"NATO-ს მიდგომა რუსეთის მიმართ უცვლელი რჩება. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს თავდაცვას და თავშეკავებას მტკიცედ, ხოლო დიალოგისთვის ღია ვრჩებით.

სტოლტენბერგი, ასევე, ამბობს, რომ ისინი წუხან, რუსეთის გადაწყვეტილებით NATO-სთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს, რადგან ასეთ დროს დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.