გიული ალასანიამ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, ამბობს, რომ მის შვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს. მან ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სისუტე გრძელდება.

"სისუსტე გრძელდება, დილიდან მაქანავებდაო თქვა, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი უკეთდება და რავიცი. სხდომასთან დაკავშირებით, იმედი აქვს რომ დაესწრება სხდომას, იმედი აქვს კი არა სურვილი აქვს, რომ უნდა დაესწროს", — განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დაშვებას ითხოვენ.

სააკაშვილის მოწოდებით, 29 ნოემბერს სასამართლოსთან, მისი პროცესის პარალელურად, აქცია გაიმართება. სააკაშვილის თქმით, სასამართლო ფარსია, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოიყენონ შეხვედრის ადგილად.

ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აქციის მიზეზით სააკაშვილის პროცესზე მიყვანაზე უარი არ თქვან

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, მიხეილ სააკაშვილი დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას. შესაბამისად, უცნობია, რას იტყვის სამინისტრო სააკაშვილის უსაფრთხოებაზე 29 ნოემბერს.