დღეს გაიმართა გირჩი — მეტი თავისუფლების წევრის, ბორის ჩელე ყურუას სასამართლო პროცესი, სადაც პარტიის განცხადებით, ყურუა სასამართლომ საკუთარი მანქანის დაზიანებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

"დღევანდელი პროცესი 12:00 საათზე დაიწყო, თუმცა ბრალდების მხარეს არ აღმოაჩნდა მტკიცებულებები, რის გამოც გადაიდო 17:00 საათამდე. საბოლოოდ კი, მტკიცებულებად წარადგინეს ვიდეო, რომელშიც ჩელე არ ჩანს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა", — აცხადებენ პარტიაში.

ყურუა 16 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან პერფორმანსის დროს დააკავეს, როდესაც გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა პარტიის საკუთრებაში არსებული შკოდა დემონსტრაციულად დალეწეს. ამით მათ უკანონო მიყურადება გააპროტესტეს.