ბევრი ჩვენგანისთვის კარგად ცნობილ, ფანტასტიკის ჟანრის მხატვრულ ფილმებში ხშირად ვხვდებით შორეულ კოსმოსში მდებარე პლანეტებზე მცხოვრებ არსებებს, რომლებსაც ანატომიურად ადამიანის მსგავსად წარმოაჩენენ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს რეალობისგან შორს სულაც არაა, რადგან შესაძლოა, არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლები ფიზიოლოგიური მახასიათებლებით ზუსტად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, მართლაც გვგავდნენ.

ისინი ამას კონვერგენტულ ევოლუციაზე დაყრდნობით აცხადებენ. ეს გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა ეპოქაში მობინადრე ცხოველთა (ან მცენარეთა) სახეობებში გარემოსთან ადაპტაციის შედეგად ერთი და იმავე სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე ფიზიკური ნიშნები ვლინდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კარცინიზაციაა, როცა კიბოსნაირთა ჯგუფში შემავალი ფეხსახსრიანები კიბორჩხალას ფორმას იღებენ. ბიოლოგების მიერ დაახლოებით 5 ასეთი შემთხვევაა აღწერილი.

ფოტო: Getty Images

შეგვიძლია, ასევე გავიხსენოთ, როგორ განუვითარდათ ფრენის უნარი ცალ-ცალე ჩიტებს, მწერებს, ღამურებსა და პტეროზავრებს ან ეკლოვანი შვერილები — იქედნეებს, ზღარბებსა და მაჩვზღარბებს. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როცა ცხოველებს ერთნაირ პირობებთან უწევთ შეგუება, რისთვისაც საერთო გამოსავალს პოულობენ, მაგალითად, ფრთები, გრძელი ენა ან ჯავშანი უყალიბდებათ.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ თუ კონვერგენტული ევოლუცია დედამიწაზე ასეთი გავრცელებულია, არ გვაქვს საფუძველი უარვყოთ, რომ ამგვარი ფენომენი სხვა, სიცოცხლისთვის თავსებად პლანეტაზეც შეიძლება დაფიქსირდეს. და თუ ამ ციურ სხეულზე დედამიწისნაირი გარემოა, რომელთან ადაპტირებაც ადამიანმა წარმატებით შეძლო, სავარაუდოდ, იქ ჩვენი მსგავსი არსებებიც იქნებიან.

რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ჰიპოთეზა ბევრ დაშვებას ეფუძნება, ამიტომ მას მრავალი მეცნიერი არ იზიარებს. მათი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ევოლუცია კონვერგენტული არაა, რადგან ბუნებაში საპირისპირო შემთხვევებიც მრავლადაა. შესაბამისად, ის უნივერსალურად ვერ მიიჩნევა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.