მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი აქციის გამო, ექსპრეზიდენტის პროცესზე მიყვანაზე უარი არ თქვან. შოთა თუთბერიძის განცხადებით, აქცია იქნება მშვიდობიანი.

"29 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ეს აქცია ბატონი პრეზიდენტის შეფასებითაც და ზოგადადაც, უნდა იყოს და არის მკაცრად საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ ჩარჩოებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარდება, აუცილებლად და არ გაბედოს რომელიმე ჩინოვნიკმა, რომ მოიყვანოს ეს აქცია, როგორც რაიმე ტიპის არგუმენტი, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდეს", — აღნიშნა მან.

მეორე ადვოკატი, ბექა ბასილაია კი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, სააკაშვილი სუსტად არის, ეს არ გახდება პროცესზე დასწრებისთვის დამაბრკოლებელი. მისივე თქმით, სააკაშვილის მკაფიო პოზიციაა, რომ სხდომას დაესწროს.

სააკაშვილის მოწოდებით, 29 ნოემბერს სასამართლოსთან, მისი პროცესის პარალელურად, აქცია გაიმართება. სააკაშვილის თქმით, სასამართლო ფარსია, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოიყენონ შეხვედრის ადგილად.

22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, მიხეილ სააკაშვილი დარბაზში მიიყვანონ.

ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას. შესაბამისად, უცნობია, რას იტყვის სამინისტრო სააკაშვილის უსაფრთხოებაზე 29 ნოემბერს.