მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი თავის ულტიმატუმს მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დროებით, მინიმუმ, ორშაბათამდე შეაჩერებს. მისი თქმით, არ სურთ, რომ "პოლიტიკურ მართლმსაჯულებას" სააკაშვილის "დასამალად" კიდევ დამატებითი არგუმენტი მისცენ.

"დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმას სახელმწიფო, ჩვენ არ გვინდა, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი არგუმენტი მივცეთ იმისთვის, რომ მიხელ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლოს", — აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის ბევრად სუსტად არის ვიდრე ადრე, თუმცა მას გადაადგილება შეუძლია, ამიტომ არსებული მდგომარეობა ხელს არ შეუშლის, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს.

"ეს არ არის სამედიცინო შეფასება, ჩემი აზრით, ის არის ძალიან სუსტად, უფრო სუსტად, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ადრე. თუმცა, ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის იმ დონის ცუდად ყოფნა ან იმ დონის პრობლემა, რომ ხელი შეუშალოს და ვერ შეძლოს სასამართლო პროცესზე გამოცხადება და დასწრება", — აღნიშნა მან.

გუშინ, სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდება, ექსპრეზიდენტი მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.