ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, რაც ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ხდება, ნონსენსია. მისი თქმით, ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, რომ ყველა მეთოდით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

"მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს საკრებულოებში, მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენს ქვეყანაში მოკლა არჩევნები და მისი არსი. ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად აზრი დაუკარგა დემოკრატიას და გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის აღსრულებაზე, რასაც ჰქვია ყველა მეთოდით და საშუალებით ძალაუფლების შენარჩუნება.

არცერთ ცივილურ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველო არ მიეკუთვნება ქართული ოცნების ხელში, არ ხდება რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ უკვე არჩეული, მომავალი საკრებულოს ბიუჯეტი, ეს არის ნონსენსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება და სწორედ ეს უნდა ქართულ ოცნებას", — განაცხადა მან.

ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოს სხდომების პარალელურად ხმაურია, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. ოპოზიცია ძველი საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას აპროტესტებს.

24 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მირდატ ქამადაძემ განმარტა, რომ თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.

პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაემტკიცებინა მუნიციპალური ბიუჯეტები ძველი საკრებულოს პირობებში. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.