სამხრეთ აფრიკაში სამშაბათს კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. როგორც შიშობენ, ის ამჟამად არსებული შტამებიდან ყველაზე სახიფათოა, თუმცა ამის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თათბირს დღეს გამართავს.

სამშაბათს დაფიქსირებულმა B.1.1.529-მა თავდაპირველად ყურადღება მუტაციათა დიდი რაოდენობის გამო მიიპყრო, მისი წვეტის ცილა კი განსხვავდება იმ ვერსიისაგან, რომლის მიზანში ამოღებაც ვაქცინას შეუძლია. ინგლისის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით, შიშობენ, რომ ვარიანტი მეტად გადამდებია და შესაძლოა, იმუნიტეტსაც დაუსხლტეს ხელიდან, რაც ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის.

BBC-ის ცნობით, ვარიანტს ჯამში 50 მუტაცია აქვს, 30-ზე მეტი კი მის წვეტის ცილასთანაა კავშირში, რომელსაც ვირუსი ჩვენს უჯრედებში შემოსაღწევად იყენებს. ეს უკანასკნელი სწორედ ის ცილაა, რომელსაც ვაქცინების უმეტესობა იღებს სამიზნეში.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, რომელიც სამხრეთ-აფრიკის მეცნიერებმა წარმოადგინეს ხუთშაბათს, იგი ქვეყნის პროვინციებში უკვე გავრცელდა. აქ B.1.1.529-ის დაახლოებით 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა შტამი ბოტსვანასა და ჰონგ-კონგშიც (ამის მიზეზი სამხრეთაფრიკელი მგზავრი უნდა ყოფილიყო) შენიშნეს. ბრიტანეთში ჯერჯერობით ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

"ამ ვარიანტზე ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. ჩვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შტამს საკმაოდ ბევრი მუტაცია გააჩნია, რამაც შესაძლოა, ვირუსის ქცევაზე მოახდინოს გავლენა",— ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს ბრიფინგში, რომელიც ხუთშაბათს შედგა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ნეისმითი ვარაუდობს, რომ ახალი ვარიანტის შემთხვევაში ვაქცინები ნაკლებად ეფექტური იქნება, თუმცა გარკვეული დოზით მაინც იმუშავებს. მისი აზრით, კოვიდ-19-ის სამკურნალო ახალ მედიკამენტებზე შტამი გავლენას არ მოახდენს.

მსოფლიოს ზოგიერთმა ლიდერმა გარკვეული ზომები უკვე მიიღო და მოგზაურობის კუთხით შეზღუდვები დაწესდა. სამხრეთ-აფრიკა, ნამიბია, ლესოთო, ბოტსვანა, სვაზილენდი და ზიმბაბვე ინგლისის წითელ სახელმწიფოთა სიაში შევიდა, საიდანაც ფრენები დღეიდან აიკრძალება.