ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 15 ხმით მიიღო. ბიუჯეტის მიღებას ოპოზიციონერი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ. ოპოზიციის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ახალ შემადგენლობას უნდა დაემტკიცებინა. მათივე თქმით, საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ ჰქონდათ.

ბათუმში ხმაური დაიწყო. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა. ქამადაძის განცხადებით, შპრიცში არსებული ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და ამის დასამტკიცებლად ის დარბაზში დაჩება.

ამის შემდეგ ის პოლიციამ საკრებულოს შენობიდან გაიყვანა, საკრებულოს თავმჯდომარემ კი შესვენება გამოაცხადა.

ბათუმში აღნიშნულთან დაკავშირებით ხმაური იყო გუშინაც, ბიუროს სხდომაზეც. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა და ძველი საკრებულოს შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის გატანაში ხელის შეშლა სცადეს.

24 ნოემბერს ამაზე ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მირდატ ქამადაძის განმარტებით, თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.

ამავე თემაზე: