ზუგდიდში საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. ოპოზიცია ძველი საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას აპროტესტებს. მედიის გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ პოლიციელმა აქციის ერთი მონაწილე დააკავა. ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძე ცდილობდა სამართალდამცავებისთვის ხელი შეეშალა, თუმცა ადგილიდან ერთი მოქალაქე მაინც გაიყვანეს.

ზუგდიდის საკრებულოსთან მოქალაქეები დილიდან იყვნენ შეკრებილები. დაძაბულობაა ასევე ბათუმის საკრებულოში, დაკავეებები იქაც დაიწყო. ბათუმშიც ძველი საკრებულო ცდილობს ბიუჯეტის დამტკიცებას.

დაძაბულობა იქ მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა. ქამადაძის განცხადებით, შპრიცში არსებული ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და ამის დასამტკიცებლად ის დარბაზში დაჩება.

ამის შემდეგ ის პოლიციამ საკრებულოს შენობიდან გაიყვანა, საკრებულოს თავმჯდომარემ კი შესვენება გამოაცხადა.

24 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მირდატ ქამადაძემ განმარტა, რომ თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.

პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაემტკიცებინა მუნიციპალური ბიუჯეტები ძველი საკრებულოს პირობებში. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.