დილიდან ხმაურია ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ძველი საკრებულოს შემადგენლობა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. სწორედ ამას აპროტესტებს იქ შეკრებილი ოპოზიცია — ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ბათუმში აღნიშნულთან დაკავშირებით ხმაური იყო გუშინ, ბიუროს სხდომაზეც. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა და ძველი საკრებულოს შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხის გატანაში ხელის შეშლა სცადეს.

24 ნოემბერს ამაზე ისაუბრეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მირდატ ქამადაძის განმარტებით, თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა "ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი" გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.