ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის შესახებ, რომელიც ბაქოს 244-ე სკოლაში ხდებოდა, მან სოციალურ ქსელში 23 ნოემბერს გაავრცელა.

მალიკოვის თქმით, ძალადობა სამი წლის წინ დაიწყო, როცა მე-8 კლასში იყო — მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს.

ახლა მე-11 კლასში მყოფი ბიჭი OC Media-ს უყვება, რომ "არაერთხელ დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს". მიუხედავად იმისა, რომ "არაერთხელ უჩივლია სკოლის ადმინისტრაციასთან", არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.

მოსწავლე, რომელიც ღიად ბისექსუალია, აცხადებს, რომ სკოლაში მუდმივი შიშისა და ფიზიკური საფრთხის ქვეშ უწევს ყოფნა.

"მეშინოდა კაფეტერიაში შესვლის", — დაწერა მან სოციალურ ქსელში. ბიჭის თქმით, მასწავლებლები მის მიმართ ჰომოფობიურ ლექსიკას იყენებდნენ, ზოგჯერ ჩამოუგლეჯიათ აქსესუარები, როგორიცაა, ყელსაბამი — მაშინ, როცა მსგავსი ქმედება არ ჩაუდენიათ იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებიც ღიად ქვიარები არ არიან.

როდესაც მან სკოლის ადმინისტრაციას, მათ შორის, დირექტორსა და განათლების სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენელს მიმართა, სიტუაციის გამოსწორებაში დახმარების პირობა მიიღო, თუმცა წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ.

"ყოველ ჯერზე ამბობდნენ, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან პრევენციული მოლაპარაკებები იმართებოდა, თუმცა არაფერი შეცვლილა", — თქვა მან.

განათლების სამინისტროს პრესსპიკერმა, კასარატ ვალეჰოვმა OC Media-სთან განაცხადა, რომ მინისტრი საკითხის შესახებ "ინფორმირებულია" და "ზომები ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მიიღება".

"მოსწავლეს ექნება ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა", — განაცხადა მან.

როგორც მალიკოვმა OC Media-სთან აღნიშნა, ამას საჯაროს ხდის არა მხოლოდ "საკუთარი უსაფრთხოებისთვის, არამედ სხვა სტუდენტების ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად".

"თუ არანაირი ქმედება არ განხორციელდება ჩემსა და სხვა მოსწავლეების მიმართ, ვინც კავშირში არიან ბულინგსა და ძალადობასთან, სკოლაში დასწრების გაგრძელებაზე უარს ვამბობ", — თქვა მან.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.