ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უოცნებია, რა მოხდება, გაცილებით უფრო ადრე მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიციო.

რაც არ უნდა გული გვწყდებოდეს იმაზე, რომ რაღაცები წარსულში არ გავითვალისწინეთ, რადგან სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებდით, სინამდვილეში, სწორედ ეს განსხვავება გვაჩვენებს, რომ დროსთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, ბევრი რამ აღმოვაჩინეთ და გამოცდილებაც დავაგროვეთ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრ ახალ რამეს გავიგებთ და ასე იქნება სულ: მთელი სიცოცხლე განვაგრძობთ შემეცნებას და ამ პროცესში ხანდახან თავშიც შემოვირტყამთ ხელს, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ამბობენ, შეცდომებზე საუკეთესოდ ვსწავლობთ ხოლმე.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დროში მოგზაურობა არ შეგვიძლია, თუმცა On.ge-ის მენტალური ჯანმრთელობის ფეისბუქჯგუფში სიმშვიდის ლაბორატორია მკითხველებს ვკითხეთ, მაინც რა სათქმელი ექნებოდათ თავიანთი ხუთი წლის წინანდელი ვერსიებისთვის.

ამ სტატიაში ახლა რამდენიმე მათგანის პასუხს გთავაზობთ და ვინ იცის, შეიძლება თქვენი სათქმელიც ამოიცნოთ მათ შორის ან ახლა, აწმყოში არსებული დაბრკოლებების გადალახვასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი დაგეხმაროთ:

1. "ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე გგონია. უაზროდ ნუ წუწუნებ და დააფასე ის, რაც გაქვს. ცხოვრების ამ ეტაპზე იდეალური პირობები გაქვს. მომავალი უფრო რთული იქნება, მაგრამ გაცილებით საინტერესო", — ავთანდილ უშიკიშვილი

ფოტო: Gifer

2. "აუცილებლად გიყვარდეს სხვები, მაგრამ შენს საკუთარ თავს ნუ დაივიწყებ და ბოლო რიგებში ნუ დატოვებ", — ლიკუნა ჯგერენაია

ფოტო: Tenor

3. "მარტო არ ხარ. ის, რასაც შენ ახლა გადიხარ, ბევრ შენს მეგობარს, ნაცნობს თუ უცნობს გაუვლია და შენც მოერევი. ყველაფერი უკეთ იქნება", — ტაო ჭალიძე

ფოტო: Tenor

4. "დიდი დრო გაატარე დედასთან", — ქეთი ვაჩნაძე

ფოტო: Gifer

5. "არაუშავს, თუ ცხოვრებაში ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვს. რა წამსაც გაიაზრებ და მიიღებ ამას, მერე ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი. დრო მაინც გავა, გინდა თუ არა ეს, ამიტომაც ფოკუსირდი იმაზე, რისი სწავლაც გინდა. სიყვარულით აკეთე, რასაც აკეთებ და შვებას იპოვი ნელ-ნელა", — დონა მ.

ფოტო: Giphy

6. "ქიმიისთვის და მათემატიკისთვის მეტი ყურადღება უნდა დაგეთმო!", — ლევან შაინიძე

ფოტო: Giphy

7. "ხუთი წლის წინანდელ მარის ვეტყოდი, რომ არ ენერვიულა, ყველაფერი დალაგდებოდა, რადგან 5 წლის შემდეგ შფოთვა და პანიკის შეტევები შემცირდებოდა და ძალიან გაიშვიათდებოდა. აგორაფობიაც თავის გზას გაუყვებოდა. 5 წლით უფროსი მარი თავის საოცნებო სამსახურში იმუშავებდა, გააკეთებდა იმ საქმეს, რომელიც დილაობით ფეხზე წამოხტომაში დაეხმარებოდა და სიცოცხლის სიყვარულით აავსებდა. გაიცნობდა უამრავ საინტერესო ადამიანს და ყველა განსაცდელი, სულიერი ზრდისთვის გამოადგებოდა. რომ გგონია, გაჭედილი ხარ, ასე არაა, წინ მიდიხარ. ასეა ეს. ვეტყოდი, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა და უბრალოდ, ცოტათი, მოდუნებულიყო და საკუთარ ინტუიციას უსიტყვოდ, ბრმად მინდობოდა", — მარი ბოლქვაძე

ფოტო: Pixar

8. "კი ვეტყოდი ბევრ რამეს, მაგრამ... მაინც არ მომისმენდა", — მაიკო გრიგორაშვილი

ფოტო: Giphy

თქვენს რას ეტყოდით თქვენს 5 წლის წინანდელ თავს დღევანდელი გადმოსახედიდან?

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.