ბათუმის საკრებულოში დაპირისპირება იყო. ხმაურის მიზეზი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა გახდა. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს. ლელოს პარტიული სიით გასულმა დეპუტატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს არსებული შემადგენლობა არალეგიტიმურია და მათ ბიუჯეტის დამტკიცების უფლება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის შეიკრიბება საკრებულოს ახალი შემადგენლობა.

"მე რატომ არ მაქვს უფლება მოვიდე და განვიხილო ის ბიუჯეტი და ხმა მივცე პირადად, რომელზეც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შემდეგ მე მაბარებთ. თქვენ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, დღეს არალეგიტიმური საკრებულო, რომელიც 2017 წელს აირჩიეს, ხალხო და 2022 წლის ბიუჯეტის მიღება გინდათ, ვინ ხართ საერთოდ", — განაცხადა კუპრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრმა, მირდატ ქამადაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ნატალია ზოიძეს მიმართა და ჰკითხა, თუ რამდენად სწორად მიაჩნია, რომ ძველი მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცონ:

"მე მგონია, რომ ამ საკრებულოში, ამ მოწვევის საკრებულოში ერთ-ერთი ადეკვატური ადამიანი იყავით თქვენ, პოლიტიკური თვალსაზრისით ადეკვატურობას ვგულისხმობ, თქვენ, ნატალია ზოიძეს სამართლიანად მიგაჩნიათ მირდატ ქამადაძემ, სულიკო თებიძემ, თამაზ სალუქვაძემ და სხვებმა, ვინც ახლა ვამთავრებთ უფლებამოსილებას, ამ ხალხმა უნდა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი?"

დაპირისპირება გაგრძელდა ახალი მოწვევის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის განხილვით. ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს ჰკითხა:

"ნუგზარ, ფუტკარაძის შემდეგ ქალაქში სიარული არ შეგრცხვებათ? ბატონო სულიკო, ნუგზარ ფუტკარაძის შემდეგ შეგრცხვებათ თუ არა ამ ქალაქში სიარული?"

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ირაკლი კუპრაძისა და მირდატ ქამადაძის გაყვანა სთხოვა იმ მოტივით, რომ ხელს უშლიდნენ საკრებულოს სხდომას, რის შემდეგაც ისინი ოთახიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

გუშინ, 24 ნოემბერს, ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი კირთაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა სადაც განაცხადა, რომ დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძეზე ზეწოლას ყოფილი ძალოვნები ახდენდნენ. დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა და შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსანია. ბრალდებების პასუხად თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ თუ ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ყველასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფუტკარაძის გარდაცვალებაზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს