მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დღეს "მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით უკვე სრულად არის ვაქცინირებული.

ევექსი ჰოსპიტლების ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ქსელში შემავალ ყველა სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო, შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის. "მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი კი ქსელის ყველა იმ სამედიცინო ცენტრს ენიჭება, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80% ვაქცინირებულია.

აღსანიშნავია, რომ 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მთელ საქართველოში მესამე დონის ერთადერთი რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს. ჰოსპიტალში უკვე მეოთხე წელია, ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დღეიდან პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს ბავშვთა ჯანმრთელობის განახლებულ ცენტრში მიიღებენ.