უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ოქროპირიძის განცხადებით, ვერ შეაფასებს სასამართლო სისტემაში "კლანს", რადაგან თავად არასდროს უგრძვნია ჩარევა მის საქმიანობაში.

"მე ხომ ვარ კონკრეტულად ერთ-ერთი მოსამართლე. მე ჩემს საქმიანობაში არასდროს არანაირი ჩარევა არ მიგრძვნია. აქედან გამომდინარე, მე ვარ ყველაზე ობიექტური შემფასებელი. თუ ვინმე ცდილობს, სასამართლო მართოს... კლანი არის ხომ გარკვეული ზემოქმედების მოხდენა სასამართლო სისტემაზე, კონკრეტულ მოსამართლეებზე?!

და რას აკეთებს ეს გავლენიანი ჯგუფი? რა მიზნები აქვს? მე ინდივიდუალურ მოსამართლეს არასდროს არ მიგრძვნია ჩემს საქმიანობაში. როგორ შევაფასო რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, როდესაც ჩემს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაში არავინ ჩარეულა", — ამბობს ოქროპირიძე.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აბმობს, რომ "სასამართლო სისტემაში არის კლანი", უნდა დაასაბუთოს, ვის გულისხმობს ამ "კლანში".

სასამართლოში ე.წ კლანზე წლებია საუბრობენ, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები.

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ. გასაუბრებები ჩატარდება ხვალ, 26 ნოემბერსაც.