უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თამარ ოქროპირიძე იზიარებს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის კრიტიკულ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მოსმენისას დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა მას იკითხა, ჰქონდა თუ არა ადამინისტრაციულ კომიტეტს იურიდიული უფლება, გაევრცელებინა განცხადება და იზიარებს თუ არა კანდიდატი მის შინაარს. პასუხად ოქროპირიძემ განაცხადა, რომ თავადაც ამ კომიტეტის წევრია.

"ადმინისტრაციულ კომიტეტს ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან ეს არის ორგანო, რომელიც ნიშნავს მოსამართლეთა კონფერენციას და უწევს ორგანიზებას. ვინაიდან განცხადებები შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ კონფერენცია ჩატარდა ნაჩქარევად და გარკვეული დარღვევებით, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს განცხადება, რეალური და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ასევე, ზოგადად, საზოგადოებისთვის.

პირველ რიგში, მინდა ცალსახად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ჩემთვის დასავლური ღირებულებები ევროსაბჭოს, ევროკავშირის თუ აშშ-ს დამსახურება და მათი ჩართულობა სასამართლოს რეფორმირების პროცესში არის ცალსახად მნიშვნელოვანი. ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების მიზანი არ ყოფილა ამ ღირებულებების უარყოფა. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მიგვეწოდებინა რეალურად ობიექტური ინფორმაცია, თუ რატომ ჩატარდა კონფერენცია და რომ კონფერენცია კანონის სრული მოთხოვნის დაცვით ჩატარდა. იქ იყო საუბარი, რომ ნაჩქარევად ჩატარდა, არადა ორგანული კანონით დადგენილი წესით, 7 დღით ადრე მოხდა დღის წესრიგის გამოქვეყნება. იყო საუბარი, რომ არჩევნების მეორე დღეს დაემთხვა, მაგრამ მე ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ სასამართლო საერთოდ ჩამოცილებული უნდა იყოს პოლიტიკისგან", — ამბობს ოქროპირიძე.

31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, თუმცა დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებაზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის საელჩომაც განაცხადა, რომ ეს პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ შერჩევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე.

რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ახალი წევრების არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებული მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ამბობდა, რომ ეს კლანური მმართველობის მანიპულაციაა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა კი განაცხადა, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.

პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ შეფასებები გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერანაირად დააზიანებს. მათივე აზრით, გაუგებარია, რატომ შეფასდა 31 ოქტომბერს კონფერენციის ჩატარება ნაჩქარევად, როდესაც ის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა.

ამავე თემაზე: