ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობას არ განიხილავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვა რამეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საინიციატივო ჯგუფი თუ შეიქმნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ჩვენს გეგმებში, ამ წუთას, საინიციატივო ჯგუფის შექმნა, ან მასში მონაწილეობა, არ შედის", — აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ცირკულირებული სპეკულაციები" და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.

სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სტრასბურგი 19 ნოემბერს სააკაშვილისთვის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვდა.

სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა ამის ნაცვლად, ძალის გამოყენებით გლდანის ციხის დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის გამო, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი თქვა და მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის შემდეგაც მოწოდებები გადაყვანაზე გახშირდა, თუმცა ხელისუფლება უარზე იყო.