უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, თამარ ოქროპირიძის აზრით, გამოხატვის თავისუფლებისა და მართლწესრიგის აღდგენის თანაფარდობა 50-50-ზეა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ზუსტი ზღვრის გავლება, ბალანსის დადგენა, თუ სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სხვა პირის უფლებების შელახვა.

კანდიდატს ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჰკითხა, სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება, ან როდის უნდა შეიზღუდოს ის. მას ასევე აინტერესებდა, როგორ ხედავს მოსამართლე ბალანსს გამოხატვის თავისუფლებას და მართლწესრიგის აღდგენას შორის.

პასუხად ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ღირებულება, რომელიც დაცულია, როგორც კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა კონვენციით, მაგრამ დაამატა, რომ კონვენციის მიხედვითაც კი ის არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული გარემოებების დროს. მისი განმარტებით, შეზღუდვა შეიძლება, როცა ის ხელყოფს სხვათა უფლებებს, სახეზეა საზოგადოებრივი ინტერესი და როცა ილახება მართლმსაჯულების ინტერესები.

მაჭარაშვილმა დამატებით იკითხა, 100%-დან დაახლოებით როგორ გადაანაწილებდა გამოხატვის თავიუსფლებას და მართლწესრიგის აღდგენას ან მეორე მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას.

"ალბათ, ძალიან რთული იქნება, ყველაზე ისეთი ოქროს შუალედი 50-50, იმიტომ, რომ იგივე გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას თუ მოვიშველიებთ, როდესაც გამოხატვის თავისუფლებით ხდება პირის ღირსების შეურაცხყოფა, რომელიც არის ყველა უფლების ქვაკუთხედი, ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლება უკან იხევს, ვინაიდან ადამიანის ღირსება ეს არის, შეუვალი პრინციპი, უფლებების საფუძველი, რომელიც არ იზომება არცერთ უფლებასთან ურთიერთშეფარდების დროს", — თქვა თამარ ოქროპირიძემ.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა ასევე გაიხსენა საქმე — ოტო პრემინგერი ავსტრიის წინააღმდეგ, სადაც, მისი თქმით, გამოხატვის უფლების საწინააღმდეოდ გადაწყდა დავა, რადგან ეხებოდა რელიგიური გრძნობების "ძალიან ცალსახა შეურაცხყოფას".