კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი სირცხვილიას საპროტესტო ვიდეოს ეთერში გაშვების გამო 111 903 ლარით დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, საუბარია 17 და 18 ნოემბერს არხის ეთერში განთავსებულ სამ ვიდეორგოლზე"

  • "კანონმდებლობის დარღვევით გავრცელებულ ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა "კლავს", აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: "გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი";
  • "მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა — "კლავს", ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება "უთხარი მკვლელებს არა", #თავისუფლებამიშას}'.
  • მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც ქართული ოცნების პარტიის წევრების ფოტოები პარტიის სიმბოლიკისა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე არის წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო კლიპის დასასრულს, როდესაც ისმის სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის" მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება "სირცხვილია".

მთავარი არხის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა On.ge-ს განუცხადა, მათ არ იციან, თუ რომელი ნორმის საფუძველზე დაჯარიმდა კომპანია. მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და ცენზურის დაკანონებაა.

"წარმოუდგენელი სითავხედეა ეს, გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა, ცენზურის დაკანონება და საფრთხის ქვეშ დაყენება იმ ფორმით, რომ ჩვენ დღემდე არ ვიცი რომელი ნორმის საფუძველზე დაგვაჯარიმეს, რას თვლიან კონკრეტული ტიპის აკრძალულ რეკლამად, რა კრიტერიუმებით აფასებენ. ხვალაც შეიძლება მსგავს კლიპზე დაგვიდგინონ დარღვევა და შეიძლება საერთოდ შეგვიჩერონ მაუწყებლობის უფლება. ეს არის წარმოუდგენელი რამ. საერთოდ, არანაირი მუხრუჭი უკვე კომისიას აღარ აქვს, გაცხადებული პოლიტიკაა მედიის დახურვის, სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის. პირდაპირ, ცალსახად, მკაფიოდ გამოცხადებული ომი სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად", — აცხადებს ის.

კომისიის სხდომას ესწრებოდა აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელმაც ზუმში ჩართვისას პოსტერი #სირცხვილია გაშალა.

ფოტო: სირცხვილია / FB

განახლება: ტექტის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მხოლოდ სირცხვილიას კლიპის გამო დააჯარიმა.