ამერიკელი მომღერალი და უკვე ჰოლივუდის ვარსკვლავიც, ლედი გაგა, ცოტა ხნის წინ გადაცემა The Late Show-ში გამოჩნდა და ამ წლის განმავლობაში თავის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზე ილაპარაკა, მათ შორის, House of Gucci-ში შესრულებულ როლზე, ტონი ბენეტთან კოლაბორაციასა და პრეზიდენტი ბაიდენის ინაუგურუაციაზე ჰიმნის შესრულებაზე.

"ჩემთვის, როგორც მუსიკოსისა და შემსრულებლისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი იყო", — აცხადებს ლედი გაგა, — "ყოველი შემსრულებლისთვის არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი, რის გამოც ამ საქმეს აკეთებს. ჩემთვის ეს მაყურებლის გაღიმებაა, მე კი ორწუთნახევარი მქონდა, რათა მთელ მსოფლიოს გავსაუბრებოდი. ვიფიქრე, რომ მშვენიერი შესაძლებლობა იყო, ყველასთვის მემღერა — არა მხოლოდ პრეზიდენტი ბაიდენის გულშემატკივრებისა და ამომრჩევლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან სიყვარულს ყველა იმსახურებს".

ფოტო: Rob Carr / Getty

ამის შემდეგ გაგამ აღნიშნა, რომ ინაუგურაციაზე ტყვიაგაუმტარი კაბა ეცვა, რადგან ღონისძიებამდელი მოვლენების გათვალისწინებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებას მოითხოვდა.

"ჰო, კაბას შიგნიდან ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჰქონდა ამოკერებული", — აღნიშნა მომღერალმა, — "იმ დროისთვის ქვეყანაში საფრთხილო დრო იდგა, მე კი ჩემს ოჯახზე ვზრუნავ. ამასთან, როგორც შემსრულებელი, ვიაზრებ, რომ საქმის სიყვარულის გამო ყველანაირ საშიშ სიტუაციაში მიწევს ყოფნა. ასეთი კაბა ჩემთვის მეცვა, თუმცა, ასევე ჩემი ოჯახისთვის — დედაჩემისთვის, მამაჩემისა და ჩემი დისთვის — რათა არ ედარდათ".