დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში გვაქვს, როგორც მორალური, ისე, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ სხვა სახის კრიზისები. დეპუტატი განმარტავს, რა ქმნის ამ კრიზისებს.

"რაც კი რაიმე კრიზისის სახელი არსებობს [ყველაფერია]: ჯერ ერთი მორალური კრიზისია — გაიხრწნა ქართული ოცნება და ფაქტობრივად, ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის ადამიანთა კლანი, რომელიც ერთადერთ რამეზე ფიქრობს: მოიპაროს რაც შეიძლება მეტი ბიუჯეტიდან, მოასწროს რაც შეიძლება მალე ყველაფერი; სხვათა შორის, მოსამართლეთა საკითხი რომ იხილება დღეს, ესეც კრიზისის ერთ-ერთი მხარეა, რომელსაც საერთაშორისო ასპექტები აქვს და 75 მილიონი ევრო იმის გამო გაგვიჩერეს, რაც ხდება ახლა პარლამენტში;

ეკონომიკური საშინელი კრიზისია; 12 ათასი ადამიანი მოკვდა და პანდემიით გარდაცვალების კუთხით პირველ ადგილზე ვართ ბოლო კვირების განმავლობაში — 12 ათასი თითქმის 2-ჯერ მეტია, ვიდრე აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი როცა ააოხრა; ბოლოს, მივედით ამ პოლიტიკურ კრიზისამდე. საერთოდ, რამე კრიზისის ჭაჭანება თუ არსებობს, ყველა ასახულია საქართველოში", — განაცხადა გოცირიძემ TV პირველის ეთერში.

გოცირიძე ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც ქვეყანაში არსებულ კრიზისზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაშია და "მაგათმა უნდა იზრუნონ, როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან".