ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გორის სამხედროს ჰოსპიტალში მის პალატასთან მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სამედიცინო პერსონალის "ტერორი" დაიწყეს. მისი თქმით, ექიმებს ჩხრეკენ, რათა სააკაშვილმა მათი დახმარებით საზოგადოებას გზავნილები არ გადასცეს.

"უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში ჩემს პალატასთან მდგომმა სუს-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები", — წერს ის.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ხვალიდან დეპუტატებს მასთან არ შეუშვებენ, მკურნალობის კურსს შეწყვეტს და მხოლოდ იმ მედიკამენტებს მიიღებს, რაც "ტყვედ ჩავარდნამდე" ჰქონდა გამოწერილი.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და 50-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.

გუშინ, 24 ნოემბერს, სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა და ენდოკრინოლოგმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის და მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მისი თქმით, სააკაშვილს დღეს დილით სიარულის პირველი მცდელობა ჰქონდა, რაც ცოტა გაუჭირდა, თუმცა საღამოს 5 წუთის განმავლობაში დერეფანში გავლა შეძლო. ამასთა, უკრაინელმა დეპუტატმა, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ 3 კილო დაიკლო და ის კიდევ უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა დღეებში. მისი თქმით, პოსტრამვულ პერიოდში სააკაშვილს სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება არ ეძლევა, რაც ცუდია.