ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა. ასე გამოეხმაურა ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეას, რომ მის გასათავისუფლებელ კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

"ჩემთვის რთული წარმოსადგენია უფრო ძლიერი და დიდი საინიციატივო ჯგუფი რა უნდა შეიქმნას, ვიდრე არის ნაციონალური მოძრაობა, თავისი მედია საშუალებებით. ჩემთვის ამაზე უფრო დიდი საინიციატივო ჯგუფის შექმნა წარმოუდგენელია. ეს პარტია სხვა არაფრით არ არის დაკავებული გარდა ძალისხმევით, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი", — განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ცირკულირებული სპეკულაციები" და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.