უცხოების ძებნა იწყება. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის დავალებით იქმნება ახალი დანაყოფი, რომლის მიზანიც ამერიკის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების პოვნა და მათი იდენტიფიცირება იქნება — ამის შესახებ პენტაგონის რელიზიდან ვიგებთ.

დანაყოფის შექმნას პენტაგონისს მიერ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით ვიდეობის გავრცელება უძღოდა წინ.

ამ წლის დასაწყისში ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა, რომ არმიამ არაერთხელ დააფიქსირა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, თუმცა მათი იდენტიფიცირება ვერცერთხელ შეძლეს.

ახალ დანაყოფს Airborne Object Identification and Management Synchronization Group (AOIMSG) ერქმევა და ის შარშან შექმნილი U.S. Navy's Unidentified Aerial Phenomena Task Force-ის დავალებებს გადაიბარებს. ეს უკანასკნელი შეიარაღებულმა ძალებმა შარშან სწორედ იმისთვის შექმნა, რომ "უკეთ გაეგოთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების წარმომავლობა და მათ შესახებ ინფორმაცია მოეგროვებინათ".

"თავდაცვის დეპარტამენტი სერიოზულად ეკიდება და იძიებს ნებისმიერ, ამოუცნობი თუ ამოცნობადი ობიექტის ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრას", — წერია თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში

პენტაგონი ასევე აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან დღემდე, მათ ამო-ებთან დაკავშირებით მოსახლეობისა და სამხედროების მიერ მოწოდებული 144 დოკუმენტი გაანალიზეს. მათ შორის იყო ისეთი მფრინავი ობიექტიც, რომელიც 70 000კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა და ტრაექტორიას მომენტალურად იცვლიდა. ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონების თანახმად, დედამიწაზე ასეთი მანევრების შესრულება ასეთ სიჩქარეზე შეუძლებელია, რადგან წნევა (G-force) ნებისმიერ ორგანულ სხეულს ნაფლეთებად აქცევდა.