საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მოსმენაზე მიიწვიეს, მაგრამ მათ უარი თქვეს. ელჩი განმარტავს, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ არის შესაბამისობაში შარლ მიშელის შეთანხმებასა და მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ წაყენებულ პირობებთან.

მისივე თქმით, არსებობს კანონმდებლობის პრობლემაც, რადგან ის არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ჰარცელი ასახელებს, არის ეუთო/ოდირის შეფასებები მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ მიგვიწვიეს პარლამენტში, რათა დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენას დავსწრებოდით, მაგრამ უარი ვთქვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის პროცესი, რომლის შესახებაც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ აპრილის შემდეგ. ჩვენი შეშფოთება იმაში გამოიხატება, რომ ეს არ არის 19 აპრილის შეთანხმებასთან შესაბამისობაში და არც იმ პირობებთან, რომლებიც წაყენებული იყო მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ.

არსებობს ასევე პრობლემები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩვენ, ასევე, ვნახეთ ოდირის შეფასებები მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ისევ იმ აზრზე ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ პაუზა ამ პროცესში არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება", — აცხადებს ის. [მთავარი არხის თარგმანი]

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ. გასაუბრებები ჩატარდება 26 ნოემბერსაც.

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინათ. ამის მიუხედავად, პარლამენტმა სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი უვადოდ დაამტკიცა. პარალელურად კი, ქართული ოცნება აცხადებდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მათი მხრიდან სრულდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ შეთანხმებაში ნამდვილად ეწერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნებისგან თავის შეკავების შესახებ, ამერიკის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც შეთანხმების ეს ნაწილი ყვითლად არის გახაზული.

ამის შემდეგ იყო ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობები ვერ შეასრულა. ჟულიენ კრამპის თქმით, ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ნაწილზე უარს ამბობენ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ არის.

ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა.