საერთშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით ბოლო ერთ წელში სამშენებლო სექტორიში გაფორმებული 125 მლნ ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტიდან 33,8 მილიონის ხელშეკრულება ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან გაფორმდა. კვლევა 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში გამარტივებული წესით სამშენებლო მომსახურების შესყიდვებს ეხება.

უფრო კონრეტულად, ორგანიზაციის ინფრომაციით, 33,8 მლნ ლარის კონტრაქტები 31 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 1,1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. საერთაშორისო გამჭვირვალობაში აღნიშნავენ, რომ შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

TI-ის ინფორმაციით, ასეთია ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის შემოწმირველი კომპანიებისა და მასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებმაც 2020-2021 წლებში გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტები მიიღეს:

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

TI-ის კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. კვლევის მიხედვით, კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ.

კვლევაში ნათქვამია, რომ ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ.

ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, რომ კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ. გარდა ამისა, კვლევაში წერია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლადდაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ.