25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი სექსუალური ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ. დღეიდან, 25 ნოემბერიდან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანია იწყება, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიას უერთდება საქართველოც.

დღესვე თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება. კამპანიას სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველი მორაგბეებიც, რომლებიც მოედანზე სათამაშოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.