54-გვერდიანი ხელნაწერი, რომელიც ალბერტ აინშტაინისა და შვეიცარიელი ინჟინრის, მიქელე ბესოს ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს, 23 ნოემბერს აუქციონზე რეკორდულ ფასად, 13 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გარიგების ორგანიზატორს, კრისტის აუქციონის სახლს თუ დავუჯერებთ, ხელნაწერმა ახალი რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირი ავტოგრაფიანი სამეცნიერო დოკუმენტი გახდა, რაც კი ოდესმე გაყიდულა. მყიდველის ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა კრისტიდან განაცხადეს, რომ აუქციონმა ადამიანთა ყურადღება მთელი მსოფლიოდან მიიპყრო.

ასევე იხილეთ: "მე ვარ შეშლილი თუ ყველა დანარჩენი?" — ინტერვიუ ციფრულ აინშტაინთან.

ხელნაწერზე აინშტაინი და ბესო 1913 წლის ივნისიდან 1914 წლის დასაწყისამდე მუშაობდნენ და ცდიდნენ განტოლებებს, რომლებიც შესაძლოა, საბოლოო ჯამში აინშტაინის ფარდობითობის თეორიის საფუძველი გამხდარიყო.

კრისტის აუქციონზე დაყრდნობით, ხელნაწერის 26 გვერდი აინშტაინის ხელითაა შექმნილი, 24 ბესოსი, სამ გვერდზე კი მეცნიერებმა ერთობლივად იმუშავეს. არაერთგზის გვხვდება გვერდის კიდეებზე მიწერილი შენიშვნებიც, მათ შორის აღელვებული გერმანული წარწერა "stimmt!" — "გამოდის!", რომლითაც აინშტაინმა თავისი ერთ-ერთ განტოლება შეამკო.

კომპანიიდან ხელნაწერის იშვიათ ბუნებაზეც გაამახვილეს ყურადღება, ვინაიდან ალბერტი თავის მონახაზებსა და მიმოწერებს ხშირად არ ინახავდა. მეორე მხრივ კი, ბესოს აინშტაინთან ერთად შექმნილ ნამუშევართა დიდი ნაწილი მომავალი თაობებისათვის შეუნახავს. მისი წყალობით, მხოლოდ ორი ისეთი მონახაზია გადარჩენილი, რომელიც ფარდობითობის ზოგადი თეორიის საფუძვლებს ასახავს, გაყიდული ხელნაწერი კი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ფასი აინშტაინის ნამუშევრისთვისაც კი საკმაოდ ძვირია. 2021 წლის მაისში, აუქციონზე 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა ალბერტის მიერ მეტოქე ფიზიკოსისათვის გაგზავნილი წერილი, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობ E=mc2 განტოლებასაც მოიცავდა. ხოლო 2017 წელს კი 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა აინშტაინის ორი მოკლე ჩანაწერი (ერთ-ერთი მათგანი ბედნიერების მისეულ "ფორმულას" აღწერდა), რომელიც მან ტოკიოს სასტუმროში დაუწერა მოსამსახურე ბიჭს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.