ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოსახლეობას შეახსენებს, რომ საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს. ამის შესახებ ის ახალ წერილში წერს.

"ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ", — წერს ის.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ გაიფანტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ცირკულირებული სპეკულაციები" და ოპოზიციურ პარტიებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე კონცენტრაციის, უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.

გარდა ამისა, სააკაშვილი ხაზს უსვამს მომავალი კვირების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ თუ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებასა და თავგადადებულ ბრძოლას შეძლებენ, ყველაფერს მიაღწევენ და "სამშვიდობოს" გავლენ.

"სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას", — ამბობს სააკაშვილი.

ამასთან, ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა პაუზის დრო არ არის, რადგან ამას ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი "დამარცხეაბდ გააფორმებს", რაც სააკაშვილის თქმით, ფიზიკურად მისთვის, ხოლო ისტორიულად ქვეყნისთვისაა "მომაკვდინებელი".

"ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა", — აღნიშნავს ექსპტრეზიდნეტი.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მე-6 დღეა იმყოფება. იქ გადაყვანა იუსტიციის სამინისტრომ 19 ნოემბერს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა.