იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უვადო მწვანე სტატუსზე საუბარი წარმოუდგენელია. მისი თქმით, კორონავირუსი არ არის წითელა, რომელსაც გადაიტან და მისგან მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნები.

"ბატონი ამირან გამყრელიძის მოსაზრება და რეკომენდაცია [მწვანე პასპორტებზე] იყო 6-თვიანი ვადა, ეს არის ის უნივერსალური ვადა, რაც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს პერიოდს — ერთი წელი. საერთოდ წარმოუდგენელია, ილაპარაკო უვადოზე, ეს, მე მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზია, გაუგებრობაა, აუცილებლად ეს შესწორდება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ეს [კორონავირუსი] არ არის წითელა. წითელა არის დაავადება, გადაიტანე, მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ — კორონავირუსი შორს არის წითელასგან", — აღნიშნა მან.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ეს მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:

  • ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.