საქართველოს მთავრობის ცნობით, 24 ნოემბერს ონლაინ ფორმატში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართა. მათ სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

მათი განცხადებით, აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის, უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. მათივე თქმით, ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

"რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციით, ასევე, აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით — სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21,9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

"კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

"აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება", — აცხადებენ ისინი.

მთავრობის განცხადებითვე, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის შეთანხმებას და მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.