ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის მოქმედებები არათანმიმდევრულია. როგორც ის ამბობს, ნაკლებად საიმედოა, რომ ამ პარტიათა ქმედებებმა შედეგი მოიტანოს.

"ჩვენ რამდენიმე დღეში წარვადგენთ ჩვენს ხედვას თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რამდენად დაემთხვევა ის მელიას შემოთავაზებულ გეგმას არ ვიცი. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ეს არის არათანმიმდევრულობა ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის მოქმედებებში, რომელიც ჩემი აზრით, შედეგის მოტანის თვალსაზრისით არცთუ ისე საიმედოა", — განაცხადა მან.

19 ნოემბერს, ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, პარტია პარლამენტის ბოიკოტს შეწყვეტდა. ჯაფარიძის თქმით, მათი ბოიკოტის მთავარი მიზეზი სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკები იყო. მისი თქმით, პროტესტმა შედეგი გამოიღო. იმავე დღეს, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ამაზე ევროპული საქართელოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, ლელოს მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა "აბსოლუტურად გაუგებარია"

23 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს პარტიის სამოქმედო სტრატეგიას წარადგენს.