კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს უარი თქვას მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება.

"მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით დადგენილი ვადა", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აჟამად უზენაეს სასამართლოში 5 ვაკანტური პოზიციაა და 3 დამოუკიდებელი კონკურსი მიმდინარეობს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა. წარდგენილი კანდიდატიდან 3 მოსამართლე (ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) წინა წელს გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ვერცერთი ვერ გადავიდა.

კოალიციაში აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, თუკი პარლამენტი მოსამართლედ არ დანიშნავს საბჭოს მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს, გასაუბრებების ხელახლა ჩატარების გარეშე, უკვე არსებული შეფასებების საფუძველზე, იმავე კონკურსში მონაწილე სხვა პირებისაგან საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები 2 კვირის ვადაში შეარჩიოს. თუმცა ორგანიზაციში ამბობენ, რომ საბჭომ ცალსახად დაარღვია, რადგან ამ კანდიდატების შემდეგ ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მიიღო, 2-კვირიანი ვადის ათვლა კი 12 ივლისს დაიწყო

ორგანიზაციის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს წევრთა გასაუბრებებისა და შეფასების პროცესი, ხარვეზებით მიმდინარეობდა. განცხადებაში წერია, რომ საბჭოს წევრების შეფასებები ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.

"საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და მის მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის მიღმა, პრობლემურია ისიც, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებს უბრალო უმრავლესობით, რა დროსაც სავალდებულო არ არის პოლიტიკური კონსენსუსი კანდიდატების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო სისტემის არსებითი რეფორმისა და პარლამენტში ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონსესუსით მიღების ვალდებულების გაჩენამდე, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება, არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და აჩენს შესაძლებლობას, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს", — ვკითხულობთ განცახდებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ოთხ კანდიდატთან გასაუბრება 25-26 ნოემბერს ჩატარდება.