The Korea Institute of Fusion Energy-მ ბირთვული სინთეზის კუთხით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ერთ მილიონ გრადუსზე მუშაობის პირობებში სუპერცხელი პლაზმა 30 წამის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც წინა რეკორდს 10 წამით აღემატება. ამის შესახებ New Atlas-ის მოხსენება იუწყება.

პროცესში გამოყენებული რეაქტორი Korea Superconducting Tokamak Advanced Research (KSTAR) გახლავთ, რომელსაც სხვაგვარად სამხრეთ-კორეის ხელოვნურ მზესაც უწოდებენ.

ბირთვული სინთეზისას იგივე რეაქცია მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც მზე და სხვა ვარსკვლავები პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის ენერგიას წარმოქმნიან. დედამიწაზე ამგვარ პროცესს მეცნიერები თერმობირთვული სინთეზის რეაქტორების საშუალებით იმეორებენ, რომელთაც ტოკამაკები ეწოდება. მოწყობილობა მილიონობით გრადუსამდე გახურებული პლაზმის რეგულირებისა და სტაბილიზაციისათვის ძლიერ მაგნიტებს იყენებს.

ბირთვული სინთეზის რეაქციის დროს ატომები ერთმანეთს ძლიერად ეჯახება და უფრო მძიმე ატომბირთვი წარმოიქმნება. თეორიულად, ასე უზარმაზარი რაოდენობის მდგრადი ენერგიის მიღება შეიძლება, რომელიც წიაღისეული საწვავის მოხმარებას შეამცირებს და კლიმატის ცვლილების ყველაზე საშინელი შედეგების დაძლევაშიც დაგვეხმარება.

KSTAR მოწყობილობის მშენებლობა ჯერ კიდევ 2007 წელს დასრულდა, აქედან მოყოლებული კი ბირთვული სინთეზის სუფთა ენერგიის წარმოქმნის კუთხით იგი კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. შარშან დეკემბერს დამყარებული რეკორდის ფარგლებში მან პლაზმა 100 მილიონ გრადუსზე 20 წამით შეინარჩუნა. Korea Institute of Fusion Energy-მ ახლახან თავისივე შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი 10 წამით, 30 წამამდე გააუმჯობესა.

ბირთვული სინთეზი, როგორც სუფთა ენერგიის წყარო

ინსტიტუტის გუნდმა განაცხადა, რომ რეკორდს ტოკამაკის გამათბობელი სისტემისა და მექანიზმში მაგნიტური ველის მდგომარეობების ოპტიმიზაციას უნდა ვუმადლოდეთ. გუნდის მიზანია, 2026 წლისთვის თავიანთი რეკორდი რამდენჯერმე გააუმჯობესონ და პლაზმა 300 წამის განმავლობაში შეინარჩუნონ. ამისათვის მათ რეაქტორის დახვეწა დასჭირდებათ, რათა ესოდენ უზარმაზარ ტემპერატურათა მართვა უფრო მეტი ხნით შეძლოს.

ბირთვული სინთეზის ტექნოლოგიაში ამგვარ მიღწევებს შეუზღუდავი რაოდენობის მდგრად ენერგიამდე მივყავართ. მაგალითად, UK Atomic Authority-მ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ ტოკამაკისათვის მსოფლიოში პირველი, ნამუშევარი აირების გამოშვების სისტემა შექმნა, რაც მოწყობილობებში ტემპერატურათა მნიშვნელოვან შემცირებას შეუწყობდა ხელს და მათ მუშაობის დროს გაუხანგრძლივებდა.

აღსანიშნავია ისიც, ახლახან სტარტაპ Commonwealth Fusion Systems-მაც გაგვიზიარა წარმატებული ტესტირების შედეგები, რომელიც საოცრად მძლავრ, ენერგოეფექტურ მაგნიტზე ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული სინთეზის კუთხით ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესის მომსწრენი ვართ, ამ გზით "სუფთა ენერგიის" მიღებამდე მაინც შორი გზაა. ამჟამად ტოკამაკის ამუშავებას იმაზე მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე თავად მოწყობილობა წარმოქმნის, სუფთა ენერგიამდე მიღწევა კი სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ბირთვული სინთეზისაგან წარმოქმნილი ენერგია "ხელოვნურ მზეებზე" დახარჯულს გადააჭარბებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.