OnePlus ანდროიდ ენთუზიასტების გულების მოგებას გამოშვების დღიდან ახერხებდა, თუმცა, დღეს ყველაზე მიმზიდველი სმარტფონები ალბათ Pixel 6 და Pixel 6 Pro გახლავთ.

ეს ყველაფერი შეიძლება სულ მალე შეიცვალოს, OnePlus ახალ 10 Pro-ს მალე წარადგენს. სმარტფონის ოფიციალურ გამოსვლამდე ინტერნეტში მისმა მონაცემებმა გაჟონა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ OnePlus 10 Pro-მ გუგლის ფლაგმანებს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. მონაცემები ინტერნეტში 91Mobiles-მა OnLeaks-თან ერთად გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით OnePlus 10 Pro-ს ჩინეთში 2022 წლის დასაწყისშივე ვიხილავთ, შემდეგ კი ის გლობალური ბაზრებისთვისაც გამოვა. თუ სმარტფონს OnePlus 9 Pro-ს შევადარებთ, განახლებები მცირეა, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ 10 Pro-მ წლის ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონის წოდებისთვის იბრძოლოს.

OnePlus 10 Pro 6.7 ინჩიან QHD+ გარჩევადობის მქონე, 120 ჰერციან ეკრანს მიიღებს. პანელი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც OnePlus 9 Pro-ს ჰქონდა, თუმცა ის კიდეებში Galaxy S21 Ultra-ს მსგავსად იქნება გადახრილი.

OnePlus 10 Pro-ს უკანა მხარეს ოთხმაგი კამერის მოდული იქნება მოთავსებული, რომელსაც კვადრატის ფორმა ექნება და გვერდზე იქნება გადასული. მოდული 48 მეგაპიქსელიან მთავარ, 50 მეგაპიქსელიან ულტრაფართოსა და 8 მეგაპიქსელიან ტელეფოტო ლინზას აერთიანებს. სელფის კამერად 32 მეგაპიქსელიანი ლინზა იქნება წარმოდგენილი.

OnePlus 10 Pro-ს პერისკოპული კამერა არ ექნება, რაც იმას ნიშნავს რომ ზუმ ლინზების ბრძოლაში ის პიქსელსა და სამსუნგებს ჩამორჩება. თუმცა, OnePlus პროფესიონალური კამერების მწარმოებელთან, Hasselblad-თან ერთად მუშაობს, რაც გვაძლევს იმედს, რომ გარკვეული სისტემური ჩარევებით სმატფონს ზუმიც მშვენიერი ექნება.

გარდა კამერებისა, განახლება შეეხება სამრტფონის შიგნეულობასაც. OnePlus 10 Pro ქუალქომის უახლეს პროცესორს მიიღებს, რომელიც ან Snapdragon 989-ის ან Snapdragon 8 Gen 1-ის სახელით გამოვა. სმარტფონი 8 ან 12 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებს. შიდა მეხსიერებაც შესაბამისად 128 ან 256გბ იქნება.

OnePlus 10 Pro გაზრდილ ელემენტსაც მიიღებს. მის წინამორბედს 4 500 მილიამპერიანი ელემენტი ჰქონდა და ერთი დატენვით ერთ სრულ დღეს თავისუფლად ძლებდა. 10 Pro-ს ელემენტი 5 000 მილიამპერიანი იქნება, რაც სმარტფონის სიცოცხლისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. გაჟონილ ინფორმაციაში არაფერი იყო ნახსენები დატენვის სისწრაფესთან დაკავშირებით, თუმცა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 10 Pro ვანპლასის უახლეს ტექნოლოგიებს მიიღებს და სმარტფონის დატენვა 125W-ით იქნება შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი 0-დან 100 %-მდე 20 წუთზე ნაკლებ დროში დაიტენება.