ადამიანის უძველესი წინაპარი ორ ფეხზე დადიოდა, ხოლო ზედა კიდურებს ხეებზე ცოცვისთვის ზუსტად ისე იყენებდა, როგორც ამას მაიმუნი აკეთებს. ასეთი დასკვნა მეცნიერება 2 მილიონი წლით დათარიღებული სამარხის შესწავლისას გააკეთეს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის და 16 სხვა ინსტიტუტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა 2015 წელს აღმოჩენილი ხერხემლის ძვლები, რომელიც მდედრ ავსტრალოპითეკ სედიბას ეკუთვნოდა — ეს ჰომინიდების ერთ-ერთი უძველესი სახეობაა.

იგივე ინდივიდის ადრე აღმოჩენილ ძვლებთან ერთად — მეტსახელად "ისსა" — გაქვავებული ნაშთები ერთ-ერთი ყველაზე სრულად შემონახული ზურგია, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა ადრეული ჰომინიდების შემთხვევაში.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ახლად შესწავლილი წელის ნამარხები იყო დაკარგული რგოლი, რომელმაც დაადასტურა, რომ ადრეული ჰომინიდები იყენებდნენ ზედა კიდურებს მაიმუნების მსგავსად და ქვედა კიდურებს ადამიანივით სიარულისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნამარხები პირველად 2015 წელს აღმოაჩინეს, იოჰანესბურგის მახლობლად, კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის აკვანში, მალაპას უბნის გვერდით, სამთო ბილიკის გათხრების დროს. ხერხემლის შესწავლამ აჩვენა, რომ ის თანამედროვე ადამიანისას საკმაოდ ჰგავდა.

"მიუხედავად იმისა, რომ "ისსა" აქამდე უკვე აღმოჩენილ უძველეს ჰომინიდებს მიეკუთვნება, მისი ჩონჩხი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილად შემონახულია", — თქვა პროფესორმა ლი ბერგერმა, კვლევის ავტორმა და მალაპას პროექტის ხელმძღვანელმა.

მკვლევრების თქმით, ზურგის მრუდი და ხერხემლის სხვა მახასიათებლები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ "ისსა" ორ ფეხზე დადიოდა, ხოლო ზედა კიდურების ძლიერი კუნთოვანი სისტემის მიხედვით, ის მათ ხეებზე ცოცვისთვის იყენებდა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული სახეობა ძირითადად მაინც ხეებზე ცხოვრობდა.

"ხერხემალი აკავშირებს ამ ყველაფერს. როგორ შენარჩუნდა ამ თვისებების კომბინაცია ჩვენს უძველეს წინაპრებში, მათ შორის ის თუ როგორ მოხდა მიწაზე ჩამოსვლისთვის სრული ადაპტაცია, არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი საკითხი ადამიანის წარმოშობაში", — აღნიშნა კვლევის ავტორმა, პროფესორმა თომას კოდმა ტეხასის უნივერსიტეტიდან, რომელიც სწავლობს, თუ როგორ დადიოდნენ და ცოცავდნენ უძველესი ჰომინიდები.

კვლევამ დაასკვნა, რომ ავსტრალოპითეკი სედიბია იყო ძველი ადამიანის ნათესავის გარდამავალი ფორმა და მისი ხერხემალი აშკარად შუალედურია — თანამედროვე ადამიანებსა და დიდ მაიმუნებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ეს სახეობა ორივენაირად — ადამიანებისა და მაიმუნების მსგავსად მოძრაობდა.

ასევე: ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.