დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოსახლეობის 90-95% პირბადეს ატარებს, იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. მისი თქმით, მხოლოდ "შოლტისა და მათრახის პრინციპი" საკმარისი არ არის.

"უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს [პირბადე] უმარტივესი რაც არის, როგორმე ყველამ ვატაროთ. ხო ციფრებს გეუბნებით, ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და პირბადე დღეს ყველამ ვატაროთ, ანუ 90%-მა, 95%-მა მოსახლეობის, ჩვენ იანვრამდე დავზოგავთ კიდე, დაახლოებით, 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, მარტო ამით. ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ და გავითავისოთ", — განაცხადა მან.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის პროცესს ვაქცინაციის გარდა ვერაფერი შეაჩერებს და საჭიროა, მოსახლეობას სისტემატურად მოვუწოდოთ აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია. მისივე თქმით, მობილობა ჩვეულებრივთან შედარებით კიდევ 2%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კვებავს ეპიდემიას.