ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და გრიპის აცრის გაკეთება ინტერვალის გარეშეც შეიძლება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ინტერვალის დაცვა გრიპის და კოვიდვაქცინებს შორის რეკომენდებული არ არის, შესაძლოა, ორივე გაკეთდეს ერთდროულად, თუმცა თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარკვეული ინტერვალი, ესეც დასაშვებია და შესაძლებელია ამის გაკეთება", — აღნიშნა მან.

23 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიპის ვაქცინა უფასო მხოლოდ პირველ დეკემბრამდე იქნება. NCDC-ის ინფორმაციაშია აღნიშნულია ისიც, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

20 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. მისივე თქმით, მიმდინარე წელს სახელმწიფომ 200 00 დოზა ფრანგული, გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

ამ სეზონზე გრიპის ვაქცინის ღირებულება 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.