ალბათ გაგიგიათ ან რჩევად მიგიღიათ, რომ გაბრაზების ან აღელვების დროს დასამშვიდებლად ღრმად უნდა ისუნთქოთ. ისიც გეცოდინებათ, რომ იოგას, მედიტაციისა და სხვა მსგავსი ტიპის თერაპიისა თუ ვარჯიშისას სწორად სუნთქვას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

მეცნიერები ამ თემით დაინტერესდნენ და ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ღრმად სუნთქვას ჩვენი სიმშვიდის უზრუნველყოფა შეუძლია. ალბათ იტყვით, ეს ხომ ისედაც ვიცოდითო, მაგრამ ამ კვლევის მთავარი მიზანი არა ამ თეორიის დადასტურება, არამედ მისი მოქმედების მიზეზების ახსნა იყო.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხს მიაგნეს. მათ თაგვის ტვინის ღეროებში ნეირონების მცირე ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ღრმად სუნთქვასა და სიმშვიდის განცდას აკავშირებს.

"ეს კვლევა ძალიან საინტერესოა, რადგან მისი საშუალებით შეგვიძლია უჯრედოვან და მოლეკულურ დონეზე ავხსნათ ღრმად სუნთქვის ეფექტი ადამიანებზე," - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარკ კრასნოუ.

ფოტოზე მწვანე ხაზებით ნაჩვენებია გზა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უკავშირდება ტვინის სუნთქვის ცენტრი აღგზნებადობის ცენტრს და შემდეგ ტვინის დანარჩენ ნაწილს.

ფოტო: Krasnow Lab

კრასნოუს აზრით, აღნიშნული კვლევის წარმატებამ, თუ ის ადამიანებზეც დადასტურდება, შესაძლოა ფსიქოლოგიაში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებასაც შეუწყოს ხელი.

"ვიმედოვნებთ, რომ ტვინის ამ ცენტრის ფუნქციონირების სრულფასოვნად შესწავლა კარს გაუხსნის იმ ტიპის თერაპიის ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანებს სტრესისა და ნეგატიური ემოციების დაძლევაში დაეხმარებათ," - ამბობს კრასნოუ.

აღნიშნული კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.